Monday, June 18, 2012

ოდრი ჰეპბერნი დაინიშნა კეთილი ნების ელჩად, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდში (UNICEF).მან დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნა გაჭირვებული ბავშვების დახმარებას. ეხმარება ღარიბ ქვეყანებში მცხოვრებ ბავშვებს. ჰეპბერნი მოგზაურობდა და ეს ეადვილებოდა, რადგან იცოდა ბევრი ენები: ფრანგული, იტალიური, ინგლისური, ჰოლანდიური, ესპანური.
ამ სახლში ბავშვები ცხოვრობენ – ისინი, ვისაც ოჯახური სითბო აკლია და ისინი, ვინც გაჭირვებამ მოიყვანა აქ... „ცისარტყელა“ და „ბეღურები“ მათ თავშესაფარს ჰქვია – ეს არის მიუსაფარი ბავშვების ერთადერთი საარსებო ადგილი და კერა, სადაც მათ უცხო ადამიანების სითბო ელოდებათ. ორი დაწესებულება აქ ერთადაა განთავსებული. დღის ცენტრი „ცისარტყელა“ და ბავშვთა სადღეღამისო ცენტრი „ბეღურები“. დღის ცენტრში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან, ბავშვები სკოლის შემდეგ მოდიან, სადილობენ, მეცადინეობენ, მერე ხატვისა და სიმღერის გაკვეთილები აქვთ... საღამოს კი სახლებში ბრუნდებიან. იმისთვის, რომ ბავშვი აქ მოხვდეს, ცენტრის თანამშრომლები სოციალურ მუშაკებს ბავშვის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ისინი, თავის მხრივ, ოჯახის ფინანსურ და საცხოვრებელ პირობებს ამოწმებენ. აუცილებელია ბავშვის საბუთები, დაბადებისა და ჯანმრთელობის მოწმობა და მშობლის თანხმობა... შემოწმების შემდეგ, თუ დადგინდა, რომ ოჯახი მართლაც სიღარიბის ზღვარზეა, ბავშვი ცენტრში ირიცხება და ყოველდღიურად ნორმალური საკვებითა და სამეცადინო პირობებით უზრუნველყოფილია. დაწესებულებას, ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. თუმცა, თითო ბავშვზე გამოყოფილი თანხა, ძალიან მცირეა. დღეში 5 ლარი... ამ თანხაში საკვების, იჯარის, აუცილებელი ინვენტარისა და პერსონალის ხელფასებიც შედის. ცენტრში, სულ 50 ბავშვია. ცენტრის დირექტორი, თინა კიკალიშვილი: - ჩვენი ორგანიზაცია ახლა ჯანმრთელობის სამინისტროს დაფინანსებაზეა. ადრე „ტასისი“ და USAID-ი გვაფინანსებდნენ. ამ ბავშვებისთვის აქაურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, აქ კი საშუალება აქვთ, ნორმალურად იკვებონ, იმეცადინონ... არაჩვეულებრივები არიან, თუმცა ძალიან რთული შემთხვევებიც გვაქვს. (ამ დროს კაბინეტში პატარა გოგონამ შემოყო თავი.... ეს 12 წლის ქნარიკა მიქაელიანია) თინა კიკალიშვილი: - აი, თუნდაც ეს ბავშვი... ეკლესიის მრევლმა მოგვიყვანა. 12 წლისაა, მაგრამ სკოლაში არასდროს უვლია. საბუთების გარეშე ვერ მივიღებდით, ძლივს მოვაგროვეთ ყველა საჭირო საბუთი და ახლა ჩვენთანაა. ვამეცადინებთ, გვინდა გარკვეულ დონეს მიაღწიოს, რომ ასაკის შესაბამის კლასში დასვან. დედამისს სულ არ აინტერესებს ბავშვი სკოლაში ივლის თუ არა. დაუძახეთ, ჰკითხეთ და თვითონ მოგიყვებათ, როგორც ცხოვრობს... ქნარიკა მიქაელიანი: - დედა ციხეში რომ ჩაჯდა, დეიდამ სკოლაში მიმიყვანა... რომ გამოვიდა ციხიდან, სკოლაში მოვარდა და ამბავი ატეხა, არ მინდა აქ რომ სწავლობდეო... დირექტორმა გამომაგდო. დილით ეკლესიაში მივდივარ, ვლოცულობ, მერე აქ მოვდივარ, ვმეცადინეობ, ვმღერი, ვხატავ, ვჭამ... მერე, ამხანაგებთან ერთად, მარჯანიშვილის მოედანზე მივდივარ და ხატებს ვყიდი. ხატებს ბაზრობაზე ვყიდულობ. თინა კიკალიშვილი: - დედისთვის სულერთია ბავშვი ისწავლის თუ არა... ქნარიკა, კარგა ხნით დაიკარგა, აღარ გამოჩენილა, დავიხოცეთ ნერვიულობით, დედა კი არც დაინტერესდა სად იყო ბავშვი... მთავარია სახლში ორი კაპიკი შეიტანოს. აქ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს... ძალიან რთულია. თუ აქ ბავშვის მოხვედრისთვის საბუთებია საჭირო და მეტ-ნაკლებად ყველას სახლი აქვს, ბავშვთა სადღეღამისო ცენტრ „ბეღურებში“ ბავშვები ღია პრინციპით, ყოველგვარი საბუთებისა და რეგისტრაციის გარეშე ხვდებიან... უმრავლესობას საერთოდ არ ჰყავს მომკითხველი, ისინი ქუჩიდან არიან მოსული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისევ ქუჩას დაუბრუნდნენ. ამ შენობის კედლებს გარეთ მათზე პასუხისმგებელი არავინაა... თინა კიკალიშვილი, თავდაპირველად „ბეღურების“ დირექტორი იყო. ის შენობის მეორე ფლიგელში გადაგვყვა და უკვე „ბეღურების“ პედაგოგებთან ერთად, ამ ორგანიზაციის დაარსების ისტორია მოგვიყვა. ომარ ბერძენიშვილმა, თინა კიკალიშვილმა და ნანა იაშვილმა, რომელიც ამ ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელია, წლების წინათ, ერთად დაიწყეს ეს საქმე. თინა კიკალიშვილი: - ყველაფერი 1995 წელს დაიწყო, როდესაც ომის შემდეგ, ქუჩაში უამრავი უპატრონო ბავშვი გამოჩნდა. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ამ ბავშვებისთვის რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, ისინი ხომ ისევ ჩვენს საზოგადოებას დაუბრუნდებონდენ - დეგრადირებული სახით... ომარ ბერძენიშვილი: - უბნები გვქონდა დანაწილებული... ვიცოდით ვინ სად იყო... ყველაზე რთული ამ ბავშვების ნდობის მოპოვებაა, მათ სხვანაირი მენტალიტეტი აქვთ, შეჩვეულები არიან ქუჩას და ასეთ ცხოვრებას... არ გიკარებენ. მახსოვს პატარა ბავშვები, რომლებსაც ზამთარში ჯიხურების თავზე ეძინათ... ამიტომ სახლიდან მიგვქონდა მათთვის საჭმელიც და ტანსაცმელიც, ზოგის ნდობის მოსაპოვებლად თვეები და ხანდახან წელიც გვჭირდებოდა. ჯერ ქუჩაში ვუვლიდით, ვაჭმევდით, ვაცმევდით...1997 წელს, „ტასისის“ დახმარებით, პირველი თავშესაფარი და დაფინანსება გაგვიჩნდა. აქ ბავშვებს ყველა საგანში ვამეცადინებთ, სკოლისთვის ვამზადებთ, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ასაკით უფროსი ბავშვი, ორი კლასით უკან უნდა დაჯდეს, რადგან პროგრამას ვერ უმკლავდება... მშობლებს კი არ სურთ თავიანთი შვილების კლასში უპატრონო, ქუჩის ბავშვები ისხდნენ... ბესო მჭედლიშვილი: - აქ საკუთარი ნებით მოდიან. ღია ტიპის თავშესაფარია. როგორც კი აქედან გასვლას აუკრძალავ, გავლენ და არასდროს დაბრუნდებიან... ასეთ შემთხვევაში კი, როცა თავისუფალი არჩევანია, აქ ყოფნა ურჩევნიათ. კვების სრულყოფილი რაციონი აქვთ და ქუჩასთან შედარებით, პირობებიც. უამრავი ტოქსიკომანი, თუ სხვადასხვა გადახრებით გვყოლია ბავშვები. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია - მათი რაიმეთი დაინტერესება და დასაქმება. თითო გამოსწორებული ცხოვრება ჩვენი დიდი გამარჯვებაა. ამ ბავშვებს, გარდა იმისა, რომ არა აქვთ სახლი და ოჯახი, არც საზოგადოება იღებს... არადა, მნიშვნელოვანია, რომ მათ საზოგადოების წევრებად იგრძნონ თავი. ბავშვებს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ, ეს არის მათი სახლიც და ოჯახიც. დასაქმება კი, სწავლის გარდა, უამრავი სხვა ხერხით ხდება... ბავშვები სპექტაკლებს დგამენ, გამოფენებში მონაწილეობენ... მათთან ფსიქოლოგები და მეთოდისტები მუშაობენ. მთავარი მიზანი - მათი საზოგადოებასთან ინტეგრირებაა, თუმცა საზოგადოება ნაკლებათ არის მზად მათ მისაღებად. აქ ქუჩას, სითბო, სიყვარული, სწავლა და ნორმალური პირობები ენაცვლება. შესაბამისად, ბავშვების ინტელექტიც მატულობს და მათ შანსი ეძლევათ ცხოვრება ნორმალურად, საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად განაგრძონ. საზოგადოებამ კი, თავის მხრივ, გარიყვის ნაცვლად ეს ბავშვები უნდა მიიღოს, მოეფეროს და გაიცნოს - ისინი ხომ ბავშვები, ანუ ჩვენი შვილები და მომავალი არიან.